თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის თანამშრომელმა, გიორგი რიჟამაძემ, პროცესზე, სასამართლოს კანცელარიის შენობაში ალეკო ელისაშვილის დაკავების ეპიზოდზე ისაუბრა.
"გვკბენდა ხელზე, მკლავზეც, ბეჭზეც. ეს იარა დღემდე მაქვს. საბოლოოდ, იარაღის წართმევა მოვახერხეთ, ნიღაბი მოვხსენით და ვიცანით, რომ ალეკო ელისაშვილი იყო. ხორცი მქონდა ამოგლეჯილი, ისე მქონდა ნაკბენი", - განაცხადა რიჟამაძემ.
სასამართლოს მანდატურის თანამშრომელი ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, "ძლიერი საქართველო - ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმეზე აძლევს ჩვენებას.
"გვკბენდა ხელზე, მკლავზეც, ბეჭზეც, ეს იარა დღემდე მაქვს. საბოლოოდ, ამ იარაღის წართმევა მოვახერხეთ, იარაღი ძირს დავაგდეთ, დავით ხარებაშვილი მალევე მოვიდა, ნიღაბი მოვხსენით და ვიცანით, რომ ალეკო ელისაშვილი იყო. წამოვაყენეთ ფეხზე, გვერდზე დივანზე გადავსვით. ველოდებოდით პოლიციის მოსვლას, ვკითხეთ, რას გვერჩოდა. გვითხრა, რომ პატრიოტი პიროვნებაა და ეს სასამართლო უსამართლოა და უსამართლო გადაწყვეტილებები გამოაქვთ მოსამართლეებსო და რომ შენობის დაწვას აპირებდა. მალევე მოვიდა პოლიცია, თავისი უფლებები გააცნეს, დაიწყეს ჩხრეკა.
იარაღის წართმევას რომ ვცდილობდი, მაშინ მიკბინა ხელზე, რათა თავისი განზრახვა სისრულეში მოეყვანა.
ჩემთვის და რევაზისთვის რომ ესროლა, ამისთვის ჰქონდა ამოღებული, ეს განცდა გამიჩნდა....
საიდანაც ჩვენ შემოვედით, შავი ფერის ჩანთა დავინახეთ და გვერდით ეგდო ბოთლი, სადაც ყვითელი სითხე ესხა. ხელი მქონდა დაზიანებული, რევაზ ბუღათრიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განაცხადა რიჟამაძემ.
დაცვის მხარის კითხვაზე, რატომ დაასკვნა, რომ ალეკო ელისაშვილი იარაღის სროლას აპირებდა ან ხელს ამისთვის ითავისუფლებდა, რიჟამაძემ უპასუხა, რომ ის მათ ემუქრებოდა.
"იარაღის წართმევას რომ ვცდილობდი, მაშინ მკბენდა ხელზე, რომ ის ხელი გამოეთავისუფლებინა. გვემუქრებოდა დაგხოცავთო, სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდა. ნიღაბი მე მოვხსენი, ბორკილი რომ დავადეთ. როგორც მახსოვს, კი არ მოვხსენი, ჩამოვუწიე... სურათი გადაღებული მაქვს, შემიძლია განახოთ, როგორ მდგომარეობაში მქონდა ხელი", - განაცხადა რიჟამაძემ.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ელისაშვილმა ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა. შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე - პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.