თურქეთის ისტორიული ადგილები, რომლებიც ღია ცის ქვეშ მდებარეობს, ბოლო პერიოდია მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. განსაკუთრებით უძველესი თეატრები. სოციალურ ქსელებში მილიონობით ადამიანმა ნახა ვიდეო, სადაც ეგეოსის რეგიონში, ქალაქ იზმირის ღია თეატრში, „რომეო და ჯულიეტას“ წარმოდგენა იმართებოდა. დიდი გაოცება კი გამოიწვია დადგმის ბოლო ნაწილში სცენაზე მოულოდნელად კატის გამოჩენამ.
ასევე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თურქეთის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩის ტრანსლაციას ქაშის (Kaş) უძველეს ანტიფელოსის თეატრში ათასობით ადამიანი ადევნებდა თვალს. ამან ბევრ ტურისტში გააღვიძა სურვილი, ჩაფრენილიყო თურქეთში ამ ღონისძიებებზე დასასწრებად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ისტორიულ სივრცეში 4 000-ზე მეტი მაყურებელი იყო შეკრებილი.
საგულისხმოა, რომ ოდესღაც ეს ადგილები გამოიყენებოდა გლადიატორთა ბრძოლებისა და თეატრალური წარმოდგენებისთვის. დღეს კი ისინი კვლავ კულტურისა და ხელოვნების შეხვედრის ადგილებად რჩება.
ამ ზაფხულს კი, თურქეთის რამდენიმე უძველესი ქალაქი კვლავ უმასპინძლებს ოპერისა და ბალეტის ფესტივალებს. საუკუნეების წინ აშენებული ისტორიული სივრცეები დროებით ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენებად გარდაიქმნება, სადაც ერთმანეთს წარსულის მემკვიდრეობა და თანამედროვე ხელოვნება ერწყმის.
ოპერის საღამოები ეგეოსის ცის ქვეშ
თურქეთში ზაფხულის სეზონი უძველეს ქალაქ ეფესოდან იწყება - ადგილიდან, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლად ითვლება. აღსანიშნავია, რომ 26 ივნისიდან 8 ივლისამდე აქ ეფესოს ოპერისა და ბალეტის მე-9 საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში მაყურებელი ცნობილ ნაწარმოებებს იხილავს, მათ შორის „გედების ტბას“, „კარმინა ბურანასა“ და „ტოსკას“. შემდეგ ფესტივალის მთავარი ყურადღება ანტალიის მახლობლად მდებარე უძველეს ქალაქ ასპენდოსზე გადავა. ეს ქალაქი ცნობილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უძველესი რომაული თეატრით, სადაც საუკუნეების წინანდელი არქიტექტურა დღესაც გასაოცარ ატმოსფეროს ქმნის.
აღსანიშნავია,რომ ასპენდოსში ოპერისა და ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი უკვე 30 წელზე მეტია ტარდება. წელს, 12-26 სექტემბერს, ისტორიული თეატრი კვლავ უმასპინძლებს საერთაშორისო დონის წარმოდგენებს და მაყურებელს უნიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს.
ბალეტის ზაფხული ბოდრუმში
მუღლას რეგიონში ზაფხული მხოლოდ ზღვისა და დასვენების სეზონი არ არის - ამ პერიოდში ქალაქები ხელოვნებისა და კულტურის ცოცხალ სივრცეებად გარდაიქმნება.
მაგალითად, ბოდრუმი ყოველწლიურად მასპინძლობს საერთაშორისო ბალეტის ფესტივალს. ღონისძიებას უნიკალურობას სძენს ისტორიული ციხესიმაგრეც, სადაც უძველესი კედლების ფონზე საბალეტო წარმოდგენები იმართება.
წელს 23-ე საერთაშორისო ბოდრუმის საბალეტო ფესტივალი 31 ივლისიდან 13 აგვისტომდე გაიმართება. ზღვისპირა ქალაქი ამ დღეებში კვლავ გადაიქცევა სცენად, სადაც საბალეტო მუსიკა, ცეკვა და ისტორიული გარემო ერთმანეთს საოცრად ავსებს.
ისტორია ღამის განათებაში
ოპერისა და ბალეტის გარდა, ეფესო, ასპენდოსი და ბოდრუმის ციხე სტუმრებს კიდევ ერთ განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს.
თურქეთის „ღამის მუზეუმების“ პროექტის ფარგლებში, სტუმრებს შეუძლიათ კულტურული მემკვიდრეობები საღამოს საათებში, განათებულ სივრცეში მოინახულონ.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის უძველესი ქალაქები მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებასაც მასპინძლობს. მათ შორის, ფაზელისის ფესტივალი, რომელიც ცნობილ მუსიკოსებს აერთიანებს, ხოლო ბერგამას თეატრის ფესტივალი ისტორიულ გარემოში გამართული მრავალფეროვანი წარმოდგენებით გამოირჩევა.
ამასთან, თურქეთის უძველეს ქალაქებში არქეოლოგიური კვლევები დღემდე გრძელდება და ყოველი ახალი აღმოჩენა ამ ადგილების მრავალსაუკუნოვან ისტორიას კიდევ უფრო ავსებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ასპენდოსში რომაული პერიოდის მოზაიკა აღმოაჩინეს, რომელზეც ახალგაზრდა ევრიმედონიაა გამოსახული. ეს არის მდინარის ღმერთი, რომელიც ამ უძველეს ქალაქთან არის დაკავშირებული.