ზღვა და სხვა წყლის სივრცეები ადამიანისთვის მხოლოდ დასვენების ადგილი აღარ არის. დღეს ისინი სულ უფრო მეტად აღიქმება როგორც გარემო, რომელიც ხელს უწყობს ფსიქოლოგიურ განტვირთვასა და კეთილდღეობას. მოგზაურები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ისეთ ადგილებს, რომლებიც ბუნებასთან ახლოსაა, რადგანაც ასეთ სივრცეში ყოფნა სხეულისა და გონების აღდგენას ეხმარება. ეს არ გულისხმობს მხოლოდ სპეციალურ ველნეს-დასვენებებს, არამედ იგულისხმება ისეთი მარტივი გამოცდილებები, როგორიცაა ზღვის სანაპიროზე ნავით მოგზაურობა, ცურვა დილაობით, ზღვასთან ახლოს სეირნობა და ბუნებასთან კავშირის აღდგენა. კვლევების მიხედვით, წყალთან მცირე დროის გატარებაც კი ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, განწყობის გაუმჯობესებას და გონებრივ სიმშვიდეს.
ათასობით კილომეტრზე გადაჭიმული ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებით თურქეთი ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად ითვლება. მოგზაურებს აქ შეუძლიათ აღმოაჩინონ ფარული ყურეები, გაჩერდნენ კრისტალურად სუფთა წყლების მქონე სანაპიროებთან და დატკბნენ უნიკალური ბუნების ხედებით.
ჩეშმე და ალაჩათი
თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე „ლურჯი მოგზაურობა“ (Blue Voyage) იზმირის რეგიონიდან იწყება. ეს ტერიტორია ცნობილია ეგეოსური ზღვის სასიამოვნო კლიმატით, გამჭვირვალე წყლებითა და ულამაზესი სანაპირო ქალაქებით.
იზმირი გამოირჩევა საოცარი ეგეოსური სამზარეულოთი, ზეთისხილისა და ღვინის მარშრუტებით. რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია ჩეშმე, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ ილიჯას, აიაიორგის, ფირლანტასა და ბოიალიქის ყურეები, ასევე ეშექის კუნძული. ჩეშმესთან ახლოს მდებარე ალაჩათი კი მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ ადგილად ითვლება ვინდსერფინგისთვის. ამასთან, მოგზაურებს შეუძლიათ ურლას მონახულებაც, სადაც ადგილობრივი პროდუქტებით მომზადებული კერძები, ზღვის პროდუქტები და ეგეოსური ღვინოები განსაკუთრებულ გამოცდილებას ქმნის.
ბოდრუმი
მარშრუტის შემდეგი მნიშვნელოვანი გაჩერებაა მუღლას რეგიონში მდებარე ბოდრუმი, რომელიც ცნობილია ულამაზესი სანაპიროებით, მდიდრული სასტუმროებითა და მრავალფეროვანი რესტორნებით. ბოდრუმიდან შესაძლებელია მოგზაურობა გუმუშლუქის, ბითეზის, იალიქავაქის, გიოლთურქბუქუსა და ორაქის კუნძულის მიმართულებით.
მოგზაურებს შეუძლიათ ტრადიციული თურქული გემით - გიულეტით გაცურონ ფირუზისფერ ყურეებში, დაკავდნენ სნორქელინგით და აღმოაჩინონ ზღვის მრავალფეროვანი სამყარო.
ხმელეთზე კი საინტერესოა ბოდრუმის ციხისა და წყალქვეშა არქეოლოგიის მუზეუმის მონახულება. ქალაქში ასევე მდებარეობს ჰალიკარნასის მავზოლეუმის ნარჩენებიც, კერძოდ, მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი.
ნუშის ხეები და უძველესი სანაპიროები დატჩადან მარმარისამდე
დატჩა მშვიდი გარემოთი, ძველი ქვის სახლებითა და ხელუხლებელი სანაპიროებით გამოირჩევა. მისი ულამაზესი ყურეები - ფალამუთბუქუ, ჰაითბუქუ და აკვარიუმი იდეალური ადგილია ცურვისა და წყალქვეშა სამყაროს აღმოჩენისთვის.
შემდეგი გაჩერებაა მარმარიში, რომელიც ცნობილია ულამაზესი ყურეებით, კუნძულებითა და ბუნებრივი ლანდშაფტებით. აქ მოგზაურებს შეუძლიათ მოინახულონ კნიდოსის უძველესი ქალაქი, აფროდიტეს ტაძრის ნარჩენები და ზღვის ხედით მდებარე უძველესი თეატრი. მარმარისში კი საინტერესოა ისტორიული ციხისა და მუზეუმის დათვალიერება.
გიოჯეკი და ფეთჰიე
მუღლას რეგიონში მდებარე ფეთჰიეს ყურე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია თურქეთში. აქ მდებარეობს გიოჯეკი - იახტური ტურიზმის ცნობილი ცენტრი, საიდანაც მოგზაურები იახტით ულამაზესი კუნძულებისა და ყურეებისკენ მიემართებიან. მათ ამ დროს შეუძლიათ მოინახულონ გიოჯეკის კუნძული, იასიჯას კუნძულები და ბედრი რაჰმის ყურე, ასევე აღმოაჩინონ კლეოპატრას აბანოების წყალქვეშა ნანგრევები.
ფეთჰიეს რეგიონში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ოლუდენიზის ლაგუნა და ქაბაქის ყურე. ახლოს მდებარე დალიანში კი შესაძლებელია უძველესი ქალაქ კაუნოსისა და იზთუზუს სანაპიროს მონახულება, რომელიც ზღვის კუების (Caretta caretta) მნიშვნელოვანი საბუდარია. ფეთჰიეში ასევე პოპულარულია პარაპლანით ფრენა ოლუდენიზის თავზე.
ფირუზისფერი ფინალი - ქაში და ქეკოვა
ამ მოგზაურობის ყველაზე შთამბეჭდავი ეტაპი თურქეთის რივიერაზე, ანტალიის რეგიონში სრულდება. ქაში და კეკოვა გამოირჩევა ულამაზესი ყურეებით, მდიდარი ისტორიითა და წყალქვეშ შემონახული ძეგლებით.
მოგზაურებს შეუძლიათ მოინახულონ ლიმანაღზის, გუვერჯინის კუნძულის, აპერლაისა და ტერსანეს ყურეები, ასევე კალექოი. ქაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება დაივინგისთვის, ხოლო კეკოვაში განსაკუთრებით პოპულარულია ზღვის კაიაკით მოგზაურობა ცნობილ „ჩაძირულ ქალაქთან“.
ხმელეთზე სტუმრებს ელოდებათ ანტალიის კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები - ასპენდოსის უძველესი თეატრი, პატარას არქეოლოგიური ძეგლები, ლიკიის ბილიკი და ულამაზესი სანაპიროები.
საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ „ლურჯი მოგზაურობა“ (Blue Voyage) თურქეთში აერთიანებს ზღვას, ბუნებას, ისტორიასა და ადგილობრივ კულტურას, რაც მას დასვენებისა და აღმოჩენების უნიკალურ გამოცდილებად აქცევს