სტამბოლის უდიდესმა ბიბლიოთეკამ - რამიმ „დიდმასშტაბიანი პროექტის“ კატეგორიაში 2026 წლის „მწვანე ბიბლიოთეკის“ ჯილდო მოიპოვა. ბიბლიოთეკების საერთაშორისო ფედერაციამ (IFLA) ჯილდო ბიბლიოთეკას ისტორიული სამხედრო ყაზარმების თანამედროვე და ეკოლოგიურ საზოგადოებრივ სივრცედ გარდაქმნისთვის გადასცა.
აღნიშნულ ჯილდოს გასცემს IFLA-ს გარემოს, მდგრადობისა და ბიბლიოთეკების სექცია (ENSULIB). ის გარემოსდაცვითი მდგრადობის მიმართულებით გამორჩეულ ბიბლიოთეკებსა და პროექტებს აჯილდოებს. აღნიშნული დაჯილდოების ცერემონია სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში, IFLA-ს მსოფლიო კონგრესზე გაიმართა. რამის ბიბლიოთეკამ 27 ქვეყნიდან წარდგენილ 62 პროექტს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
წარსულის მემკვიდრეობა
რამის ყაზარმები 1826–1828 წლებში აშენდა. რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის შემდეგ შენობა 2023 წელს ბიბლიოთეკის სახით კვლავ გაიხსნა. სამუშაოების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისტორიული იერსახისა და ორიგინალური მასალების შენარჩუნებას.
რამის ბიბლიოთეკა 36 000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და ერთდროულად 4 200 ადამიანს იტევს. კომპლექსში განთავსებულია ციფრული, ახალგაზრდული, ზრდასრულთა და სხვადასხვა სპეციალიზებული ბიბლიოთეკა, რაც სხვადასხვა ასაკის ვიზიტორებს თანამედროვე საბიბლიოთეკო მომსახურებას სთავაზობს.
ბიომრავალფეროვნება და გარემოს დაცვა
რამის ბიბლიოთეკაში გარემოსდაცვითი მდგრადობა შენობის თანამედროვე კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია. კომპლექსის 51 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე 696 ხე, 99 000 ბუჩქი, ბიოლოგიური ტბა და ლერწმიანი ზონებია განთავსებული. მწვანე სივრცეები ხელს უწყობს ქალაქის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და ადგილობრივი მიკროკლიმატის გაუმჯობესებას.
სახურავიდან შეგროვებული წვიმის წყალი კი ხელახლა გამოიყენება მწვანე სივრცეების მოსარწყავად და საპირფარეშოების ჩასარეცხად. ასევე, ენერგიის მოხმარების შესამცირებლად ბიბლიოთეკა იყენებს ენერგოეფექტურ მოწყობილობებს, LED განათებას, სენსორებსა და მზის ენერგიის სისტემებს. ასევე ხორციელდება ნარჩენების დახარისხება, სახიფათო ნარჩენების ცალკე მართვა და პლასტმასის რაოდენობის შემცირება.
სოციალური და კულტურული სივრცე
რამის ბიბლიოთეკა მდგრადობას მხოლოდ გარემოს დაცვასთან არ აკავშირებს და სოციალურ, კულტურულ და საგანმანათლებლო მიმართულებებსაც აერთიანებს. კულტურული პროგრამებისა და საზოგადოებრივი სერვისების საშუალებით ის სხვადასხვა ასაკის ადამიანების კულტურულ, საგანმანათლებლო და შემოქმედებით საჭიროებებს პასუხობს და „ცოცხალი ბიბლიოთეკის“ კონცეფციას ქმნის.
ბიბლიოთეკა ასევე ატარებს კლიმატის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამებს, საინფორმაციო შეხვედრებსა და პრაქტიკულ სემინარებს. ის 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე მუშაობს და საგანგებო სიტუაციების დროს უსაფრთხო თავშეყრის ადგილადაც გამოიყენება. იგი თურქეთში პირველი ბიბლიოთეკაა, რომელმაც „Biosphere Sustainable Museum Certification“ მიიღო და ქვეყანაში პირველია, რომელსაც ერთდროულად აქვს „ნულოვანი ნარჩენის“ და „მწვანე ენერგიის“ სერტიფიკატები.
2023 წელს გახსნის შემდეგ, 2025 წლის ბოლომდე რამის ბიბლიოთეკას 8,2 მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია. დღეს ის ვიზიტორებს მდგრადი და თანამედროვე „ცოცხალი ბიბლიოთეკის“ კონცეფციის საკუთარი გამოცდილებით გაცნობას სთავაზობს.