g100.ge

აღმოაჩინეთ ბოდრუმი - ზღვა, ისტორია და ადგილობრივი გემოები

აღმოაჩინეთ ბოდრუმი - ზღვა, ისტორია და ადგილობრივი გემოები

მოგზაურობის თანამედროვე ტენდენციები სულ უფრო მეტად სცდება ცნობილი ღირსშესანიშნაობების მონახულებას. ტურისტებს დღეს უფრო მეტად  ადგილობრივი კულტურის, ტრადიციებისა და ცხოვრების წესის  გაცნობა იზიდავთ. კვლევების მიხედვით, მოგზაურთა 72% ტრადიციული ტურისტული სანახაობების ნაცვლად ადგილობრივ აქტივობებზე ხარჯვას ამჯობინებს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევია მილენიალებსა და Z თაობაში.
თურქეთი     განსაკუთრებით გამოირჩევა სტუმართმოყვარეობის კულტურით. ადგილობრივ ტრადიციებთან, ყოველდღიურ ცხოვრებასა და სამზარეულოსთან გაცნობის შესაძლებლობას ქვეყნის არაერთი მიმართულება იძლევა. მათ შორისაა ბოდრუმი - მუღლას პროვინციის ცნობილი საკურორტო ქალაქი ეგეოსის ზღვის სანაპიროზე. 
  მისი ნამდვილი ხასიათის აღმოჩენა ტურისტული ცენტრების მიღმაც არის შესაძლებელი -მშვიდ ქუჩებში სეირნობისას, ადგილობრივი კერძების დაგემოვნებისა და პატარა სახელოსნოების მონახულებისას.
ბოდრუმის ლურჯი სანაპირო    
ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების შესაყარზე მდებარე ბოდრუმი გამჭვირვალე წყლითა და ულამაზესი სანაპიროებით გამოირჩევა. გუმბეთი, ბითეზი და თურქბუქუ ქალაქის ყველაზე პოპულარულ სანაპიროებს შორისაა, თუმცა უფრო მშვიდი გარემოს მსურველებს მაზის, ქიზილააღაჩისა და გუვერჯინლიკის სანაპიროები ელოდებათ.
ზღვასთან კავშირი ბოდრუმის იდენტობის ნაწილია. სწორედ აქედან იღებს სათავეს თურქეთის ცნობილი „ლურჯი მოგზაურობის“ ტრადიცია, რომლისთვისაც ხის ტრადიციული ნავები — გიულეტები   გამოიყენება. მათი საშუალებით შესაძლებელია ნაკლებად ცნობილ ყურეებში, მათ შორის ასპატში, კისებუქუსა და კარადა ფოირაზში  მოგზაურობა.
გაისეირნეთ ბოდრუმის ძველ ქუჩებში
ქალაქის ვიწრო ქუჩებში თეთრად შეღებილი სახლები, ბუგენვილიები, პატარა კაფეები, საკონდიტროები და ადგილობრივი მაღაზიები დაგხვდებათ. აქვეა ისტორიული ძეგლებიც.
ორი ნავსადგურის დამაკავშირებელი გზა ბოდრუმის ციხესთან მიგიყვანთ. XV საუკუნის ეს ნაგებობა დღეს წყალქვეშა არქეოლოგიის ბოდრუმის მუზეუმს მასპინძლობს. ზაფხულში, თურქეთის „ღამის მუზეუმების“ პროგრამის ფარგლებში, მუზეუმის მონახულების დრო  საღამოს 22:00 საათამდე გაგრძელდა. 

ქალაქის ისტორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ანტიკური თეატრი და ჰალიკარნასის მავზოლეუმის ნანგრევები. აღსანიშნავია,რომ მავზოლეუმი ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებას შორის იყო. ასევე, ბოდრუმის სიმბოლოა ისტორიული ქარის წისქვილებიც, რომლებიც ნავსადგურის თავზე მდებარეობს და ქალაქისა და სანაპიროს პანორამულ ხედებს გვთავაზობს.
რაც შეეხება გასტრონომიას , ბოდრუმის ციხის მიმდებარე ქუჩებში მდებარე ტრადიციულ მეჰანეებში ახალ თევზს, თურქულ მეზესა და რეგიონულ ღვინოებს მიირთმევენ. ზღვის პროდუქტებთან ერთად ღირს ადგილობრივი ჩოქერთმე ქაბაბის დაგემოვნებაც -  ხრაშუნა კარტოფილის, რბილი ხორცისა და იოგურტისგან მომზადებული კერძის.
ეწვიეთ ადგილობრივ სახელოსნოებს
ბოდრუმის შემოქმედებითი კულტურა განსაკუთრებით კარგად მის პატარა სახელოსნოებში ჩანს. ადგილობრივი ოსტატები ხელით ამზადებენ ტყავის სანდლებს, ქსოვილებს, სამკაულებსა და ეგეოსური მოტივებით გაფორმებულ დეკორატიულ ნივთებს.
უნდა ითქვას,რომ მასობრივი წარმოების სუვენირების ნაცვლად, ასეთ სახელოსნოებში შექმნილი ნივთები ბოდრუმის ხელობისა და ყოველდღიური კულტურის ნაწილს წარმოადგენს ,   ამიტომ ისინი ქალაქიდან წასაღებ განსაკუთრებულ სამახსოვრო ნივთადაც შეიძლება იქცეს.

უახლესი სტატიები