2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 650 000 ლარი გამოიყო სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოსთვის, რომელიც მთავრობის კონტროლქვეშ 2025 წლის აპრილში შეიქმნა და რომელიც როგორც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, ახლა უკვე მილევად რეჟიმშია და წლის ბოლომდე დაიხურება.
სააგენტოს შექმნის მიზნად „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო გრანტების გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა გამოაცხადა. გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და სააგენტოს დებულების გათვალისწინებით, მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად გაიცემა.
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სააგენტოსთვის 1 650 000 ლარი განისაზღვრა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, შრომის ანაზღაურების ნაწილში (მომუშავეთა რიცხოვნობა - 16) სააგენტოსთვის გამოყოფილია 1. 122. 0 ლარი, “ხარჯებში“ გაწერილია 1. 624. 0 ლარი, ხოლო 26.0 - არაფინანსური აქტივია.
იმავდროულად, საზოგადოებრივი ინიციატივების დასაფინანსებლად ბიუჯეტში ცალკე პროგრამა, სახელწოდებით - “სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა“ ჩაიდო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში თავდაპირველად 20 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა ბიუჯეტი დაკორექტირდა და საბოლოოდ, 2 მილიონი ლარით განისაზღვრა.
სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ გრანტებთან დაკავშირებით საჯარო კონკურსი 2025 წლის ივლისში გამოაცხადა და გასული წლის ნოემბერში სახელმწიფო გრანტით 17 სამოქალაქო ორგანიზაციის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. უწყების ცნობით, გამარჯვებული სამოქალაქო ინიციატივების საერთო ბიუჯეტი 1 657 775 ლარს შეადგენდა. სახელმწიფო გრანტი შემდეგი ორგანიზაციების შემდეგ პროგრამებზე განაწილდა:
1.“საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“ - პროექტის მიზანი ქუთაისში სოციალური სერვისების გაძლიერება და ბინაზე მოვლის პროფესიული სერვისის განვითარების ხელშეწყობა - ბიუჯეტიდან გაცემული გრანტი 100 000 ლარი;
2. “დემოკრატიის განვითარების სააგენტო“ - მათ გრანტი მიიღეს პროექტისთვის “პოზიტიური მშობლობის პროგრამა რეგიონებში“, რომლის მიზანი იყო “პროექტში ჩართული ბავშვის მშობლებისა და მზრუნველობაზე პასუხისმგებელი სხვა პირების მხარდაჭერა ბავშვის აღზრდისა და განვითარების პოზიტიური მეთოდების გამოყენებით, ღირებულებებზე დაფუძნებული არაძალადობრივი კომუნიკაციისა და ბავშვზე ზრუნვის უნარების გაძლიერებით“ - ბიუჯეტიდან გაცემული გრანტი 99 980 ლარი;
3. “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი“. მათი პროექტი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდის მხარდაჭერა ინკლუზიური ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის განვითარების გზით - დაფინანსდა 99 997 ლარიანი გრანტით;
4. “მშვიდობის კვლევის ცენტრი“ - პროგრამის მიზანი მარნეულის მუნიციპალიტეტში კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნებისა და მედიის გავლენის კვლევა - გრანტი 97 950 ლარი;
5. “გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია დეა“ - მათ დაფინანსება მიიღეს პროექტისთვის, რომლის მიზანი იყო ბიომრავალფეროვნების, მათ შორის გადამფრენი ფრინველების ჰაბიტატების დაცვა სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრებში მოქცეული კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ფრინველებზე დაკვირვების სისტემების შექმნისა და მდგრადი თანამშრომლობის გზით. პროექტი 99 366 ლარით დაფინანსდა.
6. “საქართველოს დემოგრაფიისა და ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი“ დაფინანსდა პროექტისთვის, რომლის მიზანი იყო შობადობის კლების განმაპირობებელი ფაქტორების კომპლექსური და მრავალმხრივი შესწავლა საქართველოს ეროვნული კონტექსტის ფარგლებში - გაიცა 97 900 ლარიანი გრანტი;
7. “საჭადრაკო კლუბი მერანი“, რომლის პროექტი იყო ინკლუზიური ჭადრაკის კლუბის განვითარება აუტისტი ბავშვებისათვის. პროექტი ბიუჯეტიდან 100 000 ლარით დაფინანსდა.
8. “ავლიპ ზურაბაშვილის სახელობის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება“ 93 480 ლარით დაფინანსდა პროგრამისთვის “კიდევ ერთი ნაბიჯი ღირსეული სიბერისკენ“, რომლის მიზანი დემენციის ეროვნული პროგრამის შექმნის ხელშეწყობა იყო.
9. “ენაგრამას“ პროექტის მიზანი განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა იყო - პროექტი ბიუჯეტიდან 100 000 ლარიანი გრანტით დაფინანსდა;
10. “თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისის“ პროექტი, რომლის მიზანი საკრებულოს ეფექტიანობის ამაღლება იყო, 99 920 ლარით დაფინანსდა;
11. “საზოგადოებრივი დამცველის“ პროექტი ითვალისწინებდა ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებების კვლევას და ინტეგრაციის გზების წახალისებას საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და გოგონების სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სამოქალაქო მდგომარეობის, საჭიროებებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობის სისტემური ბარიერების გამოვლენას და ანალიზს - ორგანიზაცია 99 688 ლარით დაფინანსდა.
12. აუტიზმის კვლევისა და ხელისშეწყობის ფონდი, რომლის პროექტი იყო აუტიზმის ეროვნული ცენტრის ბაზაზე სასათბურე მეურნეობის შექმნით ხელის შეწყობა აუტიზმის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრების უნარების განვითარებისა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, 99 535 ლარიანი გრანტით დაფინანსდა;
13. “საქართველოს უსინათლოთა კავშირის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრი“, რომლის პროექტია უსინათლოთა განათლების, ხელოვნებისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობა, 99 910 ლარით დაფინანსდა.