დამოუკიდებელი, არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია, International Crisis Group-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც მიმოხილულია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. ასევე საუბარია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე.
სტატიის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველომ მკვეთრად შეცვალა თავისი საგარეო პოლიტიკა და არაფორმალური შეთანხმება დადო რუსეთთან, რათა მინიმუმამდე დაეყვანა უკრაინის ომის ნებისმიერი უარყოფითი შედეგი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა სწრაფად სუსტდება, ევროკავშირის ინტერესებში მაინც რჩება სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება ევროპის მოსაზღვრე ქვეყანასთან.
ევროკავშირმა უნდა სცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირება და პრაგმატული თანამშრომლობა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად - ვკითხულობთ სტატიაში.
როგორც International Crisis Group-ი აღნიშნავს, შტატებმა და ევროპამ დაუყოვნებლივ სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, იარაღის მიწოდებით კიევისთვის ან რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებით, რასაც პოტენციურად დამანგრეველი ფასი ჰქონდა თავად ქართველებისთვის.
მიმოხილვის თანახმად, საქართველოს მცდელობებმა უკრაინის ომში ჩაურევლად დარჩენასთან დაკავშირებით, მწვავე კრიტიკა გამოიწვია ევროპარლამენტის რიგ რეზოლუციებსა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ზოგიერთი კანონმდებლის განცხადებაში.
"პარტია "ქართული ოცნების" ლიდერები, დიდი ხანია უკმაყოფილებას გამოხატავენ დასავლეთის დედაქალაქებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისადმი მხარდაჭერის გამო, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეები არიან", - ნათქვამია დამოუკიდებელი ორგანიზაციის, მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.
"2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ ევროპელმა და ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომლებიც ფაქტობრივად ქართველ ამომრჩევლებს ურჩევდა, "ქართული ოცნება" აღარ აერჩიათ, რითაც დაარღვიეს საქართველოში პოლიტიკური ფავორიტების არდასახელების ხანგრძლივი პრაქტიკა", - ვკითხულობთ დამოუკიდებელი ორგანიზაციის სტატიაში, სადაც ასევე მიმოხილულია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები.
ხაზგასმულია, რომ საქართველოს ლიდერებისადმი ცივი დამოკიდებულება მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის თბილ ურთიერთობებს მეზობელ მთავრობებთან, რომლებსაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ გაცილებით უარესი რეპუტაცია აქვთ.
ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ევროპელებშიც კი იზრდება აღიარება, რომ იზოლაციამ და ზეწოლამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა და ჩიხიდან გამოსვლისთვის საჭიროა ახალი იდეები.
ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა განმარტონ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები და ცალკეული დეპუტატების საჯარო განცხადებები არ გამოხატავს ევროკავშირის ოფიციალურ პოლიტიკას საქართველოს მიმართ.
ევროკავშირმა უნდა აღიაროს, რომ საქართველოში ომის შიში რეალურია და არა გამოგონილი ან გაზვიადებული, ეს შიში თანაარსებობს მოსახლეობის დიდი ნაწილის ძლიერ მხარდაჭერასთან ევროკავშირის წევრობის მიმართ", - ნათქვამია სტატიაში.