ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გრენლანდიასთან 200 მილიონი ევროს ღირებულების პარტნიორობის შეთანხმება გამოაცხადა, რომელიც მისი თქმით, ხაზს უსვამს კუნძულის სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროკავშირისთვის.
„გრენლანდიას შეუძლია ევროკავშირის იმედი ჰქონდეს. დღეს მე დავბრუნდი, რათა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის რეალური შედეგები წარვადგინო, ევროკავშირ-გრენლანდიის პარტნიორობის ახალი პაკეტით, რომლის ღირებულება 200 მილიონი ევროა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ფინანსური პაკეტი, რომლის ინვესტირებაც წელს და 2027 წელს იგეგმება, ორიენტირებული იქნება ციფრულ დაკავშირებადობაზე, მდგრად სამთო მოპოვებაზე, ენერგეტიკასა და ტურიზმზე, ასევე, განათლებაზე, თევზჭერასა და საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე.
„ეს შექმნის ახალ შესაძლებლობებს და ძლიერ და ჩართულ ევროკავშირს, როგორც გრენლანდიაში, ასევე, არქტიკაში, რადგან გრენლანდია სტრატეგიული მოკავშირე და სანდო მეგობარია“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.