g100.ge

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, გიორგი გახარიას საქმეზე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვაა დაგეგმილი, რის გამოც პროცესი დაიხურა

ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე, გიორგი გახარიას საქმეზე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვაა დაგეგმილი, რის გამოც პროცესი დაიხურა

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო.

შესაბამისი შუამდგომლობა კი სხდომაზე ბრალდების მხარემ დააყენა.

პროკურორ თამარ იაკობიძის შუამდგომლობის მიხედვით, სხდომაზე, ყოფილი თანამდებობის პირები უნდა დაიკითხონ, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია კი შესაძლოა, სახელმწიფო საიდუმლოებას ან პროფესიულ საიდუმლოებას შეიცავდეს, რაც სხდომის დახურვის საფუძველია.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატები აცხადებდნენ, დაკითხულ მოწმეებს ჩვენებები არასაიდუმლო რეჟიმში აქვთ მიცემული და მათ მიერ მიცემული ჩვენებების შინაარსი საჯაროდ არის ცნობილი, რის გამოც, პროცესის დახურვის საფუძველი არ არსებობდა.

სასამართლოში იმჟამინდელი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრების დაკითხვაც იგეგმება, რომელთა შორის, არიან ვახტანგ გომელაური და მამუკა ბახტაძე.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

უახლესი სტატიები