g100.ge

თურქეთის ეგეოსის სანაპირო - გზა უძველესი ქალაქებიდან ზღვისპირა კურორტებამდე

თურქეთის ეგეოსის სანაპირო - გზა უძველესი ქალაქებიდან ზღვისპირა კურორტებამდე

ტურისტებში ავტომობილით მოგზაურობა კვლავ პოპულარულია. ის მოგზაურებს საკუთარი ტემპით გადაადგილების, გზად ახალი ადგილების აღმოჩენისა და თანამგზავრებთან ერთად დაუვიწყარი მოგონებების შექმნის შესაძლებლობას აძლევს. Booking.com-ის 2026 წლის  პროგნოზის მიხედვით, საგზაო მოგზაურობები ახალ ეტაპზე გადადის და უფრო მეტად სპონტანურობას, თავისუფლებასა და  ახალი ადგილებისა და ადამიანების აღმოჩენას უკავშირდება. თურქეთი ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესო მიმართულებაა, სადაც გაეცნობით მრავალფეროვან  ბუნებას, უძველეს  ისტორიას, ზღვისპირა ქალაქებსა და ადგილობრივ  სამზარეულოს.  

მრავალფეროვანი ბუნების, კულტურისა და ისტორიის წყალობით, თურქეთი საგზაო მოგზაურობისთვის საინტერესო მიმართულებაა. განსაკუთრებით გამორჩეულია ეგეოსის სანაპირო, სადაც ფირუზისფერი წყლები, ზღვისპირა ქალაქები, უძველესი ძეგლები, ადგილობრივი სამზარეულო და მშვიდი ცხოვრების სტილი ერთმანეთს ერწყმის.

გალიპოლი, ტროა და ასოსი  - მთელი ისტორია ეგეოსის სანაპიროზე

მოგზაურობა შეგიძლიათ ჩანაქქალედან დაიწყოთ. პირველ გაჩერებად გალიპოლის ნახევარკუნძული აირჩიეთ, სადაც ისტორიული ადგილებისა და მემორიალების მონახულება შეგეძლებათ. შემდეგ გაემართეთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი უძველეს  ქალაქ ტროასკენ, რომლის ისტორია 5 000 წელზე მეტს ითვლის და ათ არქეოლოგიურ ფენას მოიცავს. ტროას მუზეუმი ქალაქისა და აქ აღმოჩენილი არტეფაქტების შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით.

შემდეგი გაჩერება ასოსია, რომელიც სოფელ ბეჰრამქალეში მდებარეობს. აქ შეგიძლიათ კრისტალურად სუფთა წყლებში გაცუროთ, ზღვასთან ახლოს დაბანაკდეთ ან ბუტიკ-სასტუმროში დარჩეთ. ასევე აქ შეძლებთ ათენას ტაძრის მონახულებასაც.   დაგემოვნება.

გზა  იდას  მთების გავლით გრძელდება, სადაც შეგიძლიათ ადათეფესა და იეშილიურთის ულამაზეს სოფლებში გაჩერდეთ და შემდეგ აივალიქისკენ გაემართოთ.

აივალიქი - ზღვისპირა ქალაქიდან კუნძულ ჯუნდამდე

აივალიქში აუცილებლად გასინჯეთ ცნობილი აივალიქის ტოსტი და მოინახულეთ სარიმსაქლისა და ალთინოვას სანაპიროები. ქალაქში სეირნობისას ასევე შეგიძლიათ ძველი ბაზარი, აიაზმას ეკლესია და საათლის მეჩეთი დაათვალიეროთ.

ეგეოსის ზღვის ხედებით დასატკბობად ეწვიეთ შაითან სოფრასს („ეშმაკის სუფრა“), ხოლო შემდეგ კუნძულ ჯუნდაზე გადადით. აღნიშნული კუნძული ცნობილია ზღვის პროდუქტების რესტორნებითა და ტრადიციული მეზეთი.

ჩეშმე - იზმირის გამორჩეული სანაპირო

სამხრეთისკენ მიმავალ გზაზე ბერგამაში გაჩერდით, შემდეგ კი ჩეშმეს ნახევარკუნძულზე გაემართეთ. ჩეშმე ცნობილია სუფთა წყლებით, თერმული წყაროებით, სანაპიროებითა და ისტორიული ჩეშმეს ციხესიმაგრით. ალაჩათი კი კაიტსერფინგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიმართულებაა.

საკვების მოყვარულთათვის საინტერესოა ურლა  - ვენახებით, ღვინის მარშრუტებითა და MICHELIN-ის მიერ აღიარებული რესტორნებით ცნობილი ქალაქი, სადაც ეგეოსის რეგიონის პროდუქტებით მომზადებულ კერძებს დააგემოვნებთ.

ქუშადასი 

ურლადან გზა სელჩუქისა და ქუშადასისკენ გრძელდება. სელჩუქში მოინახულეთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ეფესო და შირინჯეს სოფელი, რომელიც UN Tourism-ის მიერ მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ სოფლებადაა აღიარებული.

ქუშადასი თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული და საკრუიზო ცენტრია, სადაც მრავალი სანაპირო და ყურე დაგხვდებათ. მათ შორისაა ქალთა ზღვა, სევგის სანაპირო და დილექის ნახევარკუნძული–ბუიუქ მენდერესის დელტის ეროვნული პარკის ყურეები.

განმარტოებული სანაპიროების აღმოსაჩენად შეგიძლიათ ნავი იქირაოთ, ხოლო მზის ჩასვლის სანახავად მტრედების კუნძულს ეწვიოთ. ქუშადასში ზღვის პროდუქტების რესტორნებთან ერთად ტრადიციული სოფლის სამზარეულოს დაგემოვნებაც შეგიძლიათ.

დიდიმი 

ქუშადასიდან გზა დიდიმისკენ გრძელდება. აქ დაგხვდებათ ალთინქუმის, სარიქუმის, ჰუზურისა და აქბუქის სანაპიროები, ასევე ფარული ყურეები, რომელთა მონახულება ნავით გასეირნებისას შეგეძლებათ.

დიდიმი უძველესი ისტორიითაც გამოირჩევა. უძველესი დიდიმა მილეტის წმინდა საკურთხეველი იყო. დღეს აქ შეგიძლიათ აპოლონის ტაძრის მონახულება, რომელიც იონური სვეტებითა და მედუზას ცნობილი რელიეფითაა გამორჩეული.

ბოდრუმი - მოგზაურობის ფინალური გაჩერება

ეგეოსის სანაპიროზე მოგზაურობის ბოლო გაჩერება ბოდრუმია — თურქეთში   დასვენებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება. აქ დაგხვდებათ ლურჯი დროშის სანაპიროები,  კლუბები, დაივინგისთვის შესაბამისი  ადგილები და ულამაზესი ყურეები.

ბოდრუმი ასევე,  ცნობილია თეთრი სახლებითა და მანდარინის ბაღებით. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ბოდრუმის ციხესიმაგრე და ჰალიკარნასის მავზოლეუმის ნანგრევები, ასევე დააგემოვნოთ ახალი ზღვის პროდუქტები და ადგილობრივი ღვინო.

რჩევა მოგზაურებისთვის

თუ მოგზაურობის გაგრძელება გსურთ, ბოდრუმიდან სამხრეთისკენ გაემართეთ და მოინახულეთ დათჩა, მარმარისი და ფეთჰიე, შემდეგ კი გზა ანტალიისკენ გააგრძელეთ. ამავე დროს, თურქული რივიერის სანაპიროზე ქაშიდან ალანიამდე კიდევ უამრავი საინტერესო ადგილი დაგხვდებათ.

უახლესი სტატიები