g100.ge

ირაკლი კუპრაძე - საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ინტოქსიკაცია კიდევ ერთი დასტურია, რომ დღეს 20 საბავშვო ბაღი საფრთხის წინაშე იყო იმიტომ, რომ არასწორი მენეჯმენტი და კორუფციაა - „ქართული ოცნების“ პირობებში, განათლების სისტემა არის განადგურების პირას

ირაკლი კუპრაძე - საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ინტოქსიკაცია კიდევ ერთი დასტურია, რომ დღეს 20 საბავშვო ბაღი საფრთხის წინაშე იყო იმიტომ, რომ არასწორი მენეჯმენტი და კორუფციაა - „ქართული ოცნების“ პირობებში, განათლების სისტემა არის განადგურების პირას

„ქართული ოცნების“ პირობებში, განათლების სისტემა არის განადგურების პირას, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნების" და პერსონალურად, თბილისის მერის კახა კალაძის პასუხისმგებლობის საკითხია ის, რომ თბილისის 20 საბავშვო ბაღის 55 აღსაზრდელი მწვავე ინტოქსიკაციით ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

„სანამ სასწავლო პროცესი დაიწყებოდა, „ლელო ძლიერი საქართველო“რეგიონებიდან და თბილისიდან გაწვდიდათ ინფორმაციას საგანმანათლებლო სივრცეში არსებული კრიზისის, უკანონობის, კორუფციის, ყაჩაღობის შესახებ, რასაც „ქართული ოცნება“ ეწევა. დღეს თბილისის 20 საბავშვო ბაღის 55 აღსაზრდელი მწვავე ინტოქსიკაციით მოთავსებულია სხვა და სხვა სამედიცინო დაწესებულებაში. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ დღეს 20 საბავშვო ბაღი საფრთხის წინაშე იყო იმიტომ, რომ არასწორი მენეჯმენტია, კორუფცია არის და საქართველოს მოქალაქეების დაყაჩაღება ხდება. ამის ნათელი მაგალითია, როგორ არ ზრუნავს „ქართული ოცნება“ მომავალ თაობაზე და რა მდგომარეობაა საბავშვო ბაღებში. „ქართული ოცნების“ პირობებში, განათლების სისტემა არის განადგურების პირას.

პირველ რიგში, ინფრასტრუქტურულ შემაჯამებელ ანგარიშს წარვუდგენთ საქართველოს მოსახლეობას- ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის სარეაბილიტაციო არის 131 სკოლა, მათგან 60 სკოლაზე არც კი გამოცხადებულა ჯერჯერობით ტენდერი. თბილისის 284 სკოლიდან სასწავლო წელი საკუთარ შენობაში ვერ დაიწყო 38-მა საჯარო სკოლამ. ეს იმას ნიშნავს, რომ 20 ათასზე მეტი სკოლის მოსწავლე დღეს საკუთარ სკოლაში ვერ სწავლობს. მაშინ, როცა ყოველთვის მოიპოვება მილიონები იმისთვის, რომ კობახიძემ, მდინარაძემ, ზარქუებმა და ასე შემდეგ, იგრიალონ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, გამართონ ღონისძიებები, ქეიფები, იყიდონ ახალი ავტომობილები. არ მოინახა ფული და დრო იმისთვის,რომ 60-ზე მეტ სკოლაში ტენდერი გამოცხადდეს“,-განაცხადა კუპრაძემ.

მისი თქმით, 2026 წელს 188 სკოლამ პირველკლასელი საერთოდ ვერ მიიღო, ‘რაც არის უმძიმესი მაჩვენებელი“.

„727 სკოლაში 5 ან 5-ზე ნაკლები მოსწავლეა. ეს მაჩვენებელი მიანიშნებს ქართველი ხალხის გენოციდზე, რაც „ქართულმა ოცნებამ“, კობახიძე-მდინარაძის ხელისუფლებამ ჩვენს ქვეყანას მოუწყო. განათლების სისტემაში კრიზისი გრძელდება“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მან გაიხსენა Unicef-ის დასკვნა, რომლის თანახმად, საქართველოში ბავშვების 35% შიმშილობს.

როგორც ირაკლი კუპრაძე აღნიშნავს, სწორედ ამიტომ ითხოვს „ლელო-ძლიერი საქართველო“ სკოლებში უფასო კვებას.

„ქართული ოცნება“ საქართველოს ისტორიას აყალბებს. გამოაგორეს „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების დაწერილი სახელმძღვანელოები, სადაც საერთოდ გამქრალია საქართველოს ნამდვილი ისტორია. გამქრალია მნიშვნელოვანი ჩანაწერები ზვიად გამსახურდიაზე, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე, რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებებზე. ეს არის საქართველოს ისტორიის გაყალბების მცდელობა. ყველას ვაფრთხილებთ, რომ საქართველოს მომავალი არის საფრთხეში. როგორც შინაარსი, ისტორია, განადგურებული სკოლები და დემოგრაფია. თითქმის 1000-ზე მეტ სკოლაში, დაახლოებით 30%-ში საერთოდ პირველკლასელი არ შესულა და 730-მდე სკოლაში 5-ზე ნაკლები მოსწავლეა. ეს არის ქართველი ხალხისთვის გამოცხადებული გენოციდი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა. ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით და ქართველი ხალხის ინტერესს ბოლომდე დავიცავთ“,-განაცხადა კუპრაძემ.

ინფორმაციისთვის, საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ. მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

უახლესი სტატიები