აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციები მოამზადა და მათ უახლოეს მომავალში გამოცხადებას გეგმავს, - ინფორმაციას Reuters-ი საკითხთან დაკავშირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, სასამართლოს წინააღმდეგ სანქციები უკვე მომზადებულია, თუმცა მათი გამოცხადების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. The Wall Street Journal-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა საბოლოოდ ამ კვირაში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის მიმდინარეობისას დამტკიცდეს.
Reuters-ი წერს, რომ უშუალოდ მთლიანად ორგანიზაციის და ასევე იმ სუბიექტების მიზანში ამოღებამ, რომლებიც სასამართლოსთან თანამშრომლობენ, შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს სასამართლოს საქმიანობას.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწესებული ნებისმიერი სანქცია აშშ-ის მოქალაქეებსა და კომპანიებს აუკრძალავს სასამართლოსთვის ფინანსური სახსრების, საქონლის ან მომსახურების მიწოდებას სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) შესაბამისი ნებართვის გარეშე.
Reuters-ი წერს, რომ ტრამპის უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნული სასამართლოს მიმართ ჯერ კიდევ მის პირველ საპრეზიდენტო ვადას უკავშირდება. უკმაყოფილება კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ 2024 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერები გამოსცა ღაზის კონფლიქტის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის.
აშშ-ის ოფიციალური პირები მოითხოვენ, რომ სასამართლომ გააუქმოს როგორც ისრაელის ლიდერების დაპატიმრების ორდერები, ისე ავღანეთში ამერიკელ სამხედროებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება.