საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე თემების სააგენტოს (YTB) ორგანიზებით, სტამბოლში, იბნ ჰალდუნის უნივერსიტეტში მსოფლიოს 41 ქვეყნიდან 100-მდე მედიის წარმომადგენელი, ასევე თურქეთში ჟურნალისტიკისა და რეჟისურის მიმართულებით, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტები, „მედიის საზაფხულო სკოლაში“ შეიკრიბნენ.
სამდღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა იბნ ჰალდუნის უნივერსიტეტში მედია წიგნიერების, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კონტენტის შექმნისა და პროდიუსინგის, სთორითელინგის, მედიის წარმომადგენლობისა და ალგორითმული სტრატეგიების შესახებ ტრენინგები გაიარეს. ლექციებს Fokus+-ისა და თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, TRT-ის, ექსპერტები უძღვებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მონაწილე 100-ივე ახალგაზრდის სტუმრობის ყველა ხარჯი YTB-მ უზრუნველყო.
ტრენინგების ფარგლებში მონაწილეებს გამოცდილება ცნობილმა ჟურნალისტმა იბრაჰიმ ქიღილიმ გაუზიარა.
ასევე, Fokus Plus-ის სამაუწყებლო კოორდინატორმა თარიქ ქავრაზმა მედია წიგნიერებასა და გლობალურ მედიაზე ისაუბრა, ხოლო თურქმა სპეციალისტებმა ჰალის ბათალმა და აჰმედ თარილ ბილგემ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ფილმების შექმნის შესახებ პრაქტიკული სემინარები ჩაატარეს. პროგრამა TRT-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრისა და ჟურნალისტის, მერიემ ილაიდა ათლას ჩეთინის, ლექციით დასრულდა, რომელიც მედიისა და თანამედროვე გამოწვევების თემას ეხებოდა.
შემდეგ მონაწილეები გაემგზავრნენ სტამბოლში მდებარე თავისუფლებისა და დემოკრატიის კუნძულზე, სადაც YTB-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას - „ერთი ნახევარმთვარისთვის: 15 ივლისის 10 წელს“ დაესწრნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას YTB-ის პრეზიდენტმა აბდულჰადი თურუსმა განაცხადა, რომ თურქეთს დემოკრატიის ძლიერი ისტორია აქვს და აღნიშნა, რომ 15 ივლისის ღამეს თურქეთის მოქალაქეები დემოკრატიის დასაცავად გმირულად დაიღუპნენ.
მოგვიანებით ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ისმაილ ჰალისის, მოდერატორობით გამართულ პანელში მონაწილეობდნენ პოლიტოლოგი მეთე იარარი, ჟურნალისტი და მწერალი ნედიმ შენერი და მერვე შებნემ ორუჩი. მათ 15 ივლისის მოვლენების მნიშვნელობასა და ისტორიულ როლზე ისაუბრეს. პანელი მონაწილეთა კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა.
პანელის შემდეგ მათ სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. ამის შემდეგ YTB-ის პრეზიდენტმა აბდულჰადი თურუსმა Aktual.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
ინტერვიუში მან „მედიის საზაფხულო სკოლაზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალში აღნიშნული პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება და სპორტისა და აკადემიური მიმართულებებითაც ჩატარდება.
აბდულჰადი თურუსმა ასევე უპასუხა კითხვას, თუ რა კულტურულ პროექტებს გეგმავს YTB საქართველოში და აპირებს თუ არა ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩამოსვლას. მან საქართველო თურქეთის მეგობარ ქვეყნად მოიხსენია.
მედიის საზაფხულო სკოლის დასკვნით დღეს მონაწილეებს სერტიფიკატები YTB-ის კორპორაციული ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალი იშიქმა და Fokus Plus-ის გენერალურმა დირექტორმა აჰმედ იუსუფმა გადასცეს.
მედიის საზაფხულო სკოლის პასუხისმგებელმა პირმა და YTB-ის კორპორაციული კომუნიკაციების კოორდინატორმა ისმაილ ოზსოიმ განაცხადა, რომ პროგრამის მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის მედიის სფეროში ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებაა.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა ტრადიციული საერთო სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
დაწვრილებით იხილეთ YTB-ის მედიის საზაფხულო სკოლის შესახებ მომზადებული ჩვენი ვიდეორეპორტაჟი.