ირანს შეუძლია ჰორმუზის სრუტე შვიდ დღეში გახსნას, თუ შეერთებული შტატები შეამცირებს სამხედრო ზეწოლას და მოხსნის ირანულ პორტებზე დაწესებულ ბლოკადას, - ამის შესახებ ირანელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა.
„აშშ-მა უნდა განაცხადოს, რომ საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება სურს, ეს ოფიციალურად დაადასტუროს და შემდეგ შეთანხმდეს პროცესის განვითარების ვადებზე”, - განაცხადა ირანის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარგზავნილი ირანული დელეგაცია უკვე ნიუ-იორკში იმყოფება და ფლობს სრულ უფლებამოსილებას, განაახლოს დიპლომატიური ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან.
ირანელი ოფიციალური პირის თქმით, ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი, რომელიც თეირანიდან ნიუ-იორკში დღეს დილით გაემგზავრა, გაეროს შტაბ-ბინაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ შეხვდება.
Reuters-ის წყაროს განმარტებით, ვაშინგტონთან საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დეტალები ნიუ-იორკში შუამავლების მეშვეობით შეიძლება განიხილონ. მისი ინფორმაციით, თეირანის წინადადება აშშ-ს შუამავლების გზით 16 სექტემბერს გადაეცა.
„გაეროს გენერალური ასამბლეა აშშ-ისთვის დიპლომატიის გზაზე დაბრუნების ოქროს შესაძლებლობაა“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა და აღნიშნა, რომ თეირანი მიესალმება დიპლომატიური პროცესის განახლებას, თუ ვაშინგტონი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.