Aktual.ge-ის ინფორმაციით, მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმის, ქენან ისმაილოვის საქმეზე ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 19 ივნისს ჩანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო.
არსებული ინფორმაციით, მომდევნო სასამართლო სხდომა 3 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად 100 000-ლარიანი გირაოს შეთავაზებისა, 8 აპრილს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მოსამართლემ, ქვანცა ჩიქოვანმა, ქენან ისმაილოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო სასამართლო სხდომა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 19 ივნისისთვის იყო ჩანიშნული.
რა მოხდა?
მომხდარის შესახებ პირველი ინფორმაცია 6 აპრილს უფლებადამცველმა, სამირა ბაირამოვამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი განცხადებით, ერთ-ერთ დისტრიბუტორს იმის გამო, რომ პურის ფასი არ გაზარდა, მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმამ და მასთან მყოფმა პირებმა სასტიკად სცემეს.
ინციდენტის შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ ქენან ისმაილოვი დააკავეს და ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.
8 აპრილს კი საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს