მარნეულში, ჯანდარის დასახლების შესასვლელთან, მოსახლეობის თანხმობის გარეშე, მოქალაქემ გეოგრაფიული დასახელების ამსახველი აბრა სახელწოდებით „საჩხერის ქუჩა“ თვითნებურად განათავსა.
აღნიშნულმა ფაქტმა ჯანდარის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.მათ აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით მარნეულის მერიას მიმართეს. მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული აბრა მოხსნეს.
მოსახლეობის თქმით, ჯანდარი უკვე აღარ არის სოფლის სტატუსის მქონე გეოგრაფიული ობიექტი და ის ქალაქ მარნეულის ნაწილია. როგორც ისინი ამბობენ, თუ ისედაც უნდა მოხდეს სახელწოდების ამსახვლელი აბრის განთავსება როგორც ქუჩის, სიმარტივისთვის, სხვის ნაცვლად თავისივე სახელწოდება, ანუ „ჯანდარი“ ეწოდოს და სწორედ ეს სახელი აისახოს აბრაზეც.
”ჩვენს სოფელს უძველესი ისტორია აქვს და მას მხოლოდ ერთი სახელწოდება გააჩნია. ჩვენ არ ვეთანხმებით მის სხვა სახელით მოხსენიებას. სოფლის ქუჩებსაც საკუთარი, დამკვიდრებული სახელები აქვს. თუ შესასვლელში აბრა დამონტაჟდება, მასზე აუცილებლად უნდა ეწეროს "ჯანდარი".
"ძალიან დიდი ხანია, ამ ადგილს ისტორიულად ჯანდარი ეწოდება და არავის აქვს უფლება, თვითნებურად განათავსოს რაიმე სახელწოდების ამსახველი აბრა. ასეთი ქმედება საზოგადოებაში გაუგებრობასა და დაბნეულობას იწვევს".
"მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე მოვიდნენ და თვითნებურად განთავსებული აბრა მოხსნეს. ჩვენი მოთხოვნა მარტივია — ისტორიული სახელწოდება უნდა შენარჩუნდეს და ოფიციალურად დამკვიდრდეს და შესასვლელში განთავდეს აბრა წარწერით “ჯანდარი”.
“ჯანდარის დასახლებაში ცენტრალურ ქუჩას ჰქვია “ჯანდარის ქუჩა” . რამდენიმე ასეული წელია სოფელს ჯანდარი ჰქვია და ვინც აქ მოდის, ყოველთვის სწორედ ამ სახელით გვეკითხება ამ ადგილს. ჩვენც აღნიშნული სახელწოდებით ვუთითებთ მიმართულებას. განთავსდეს აბრა და მასზე ეწეროს “ჯანდარი” .ასე ბევრად მარტივია და ყველასთვის გასაგები".
"უკვე ასწლეულებია ამ ტერიტორიას ჯანდარი ჰქვია. არ შეიძლება ვისაც რა მოესურვება, ის სახელი დაარქვას ამ გეოგრაფიული ობიექტს და აბრა განათავსოს. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი მოსახლეობა ჯანდარის დასახლებაში ქუჩის სახელის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია".
"ჩვენ გვინდა, რომ ამ კონქრეტულ ქუჩას ერქვას “ჯანდარის ქუჩა” — დასახლების შესასვლელიდან ბოლომდე ეს სახელწოდება უნდა იყოს მითითებული".
"არ ვიცი, ვინ განათავსა აღნიშნული აბრა, მაგრამ ვინც ეს გააკეთა, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორიის დასახელება ერთმნიშვნელოვანი და გასაგები იყოს. მაგალითად, სასწრაფო დახმარების ან სხვა გადაუდებელი სამსახურების გამოძახების დროს არ უნდა იწყებოდეს გზის ძებნა და დაზუსტება — ყველამ უნდა იცოდეს , სად არის ჯანდარი.
"მე 65 წლის ვარ და ბავშვობიდან ვიცი, რომ ამ ადგილს ჯანდარის ქუჩა ჰქვია. ამიტომ, სულ მცირე, ჯანდარის სახელწოდების ამსახველი ოფიციალური აბრა უნდა განთავსდეს, რათა ყველასთვის ნათელი იყოს, სად მდებარეობს ეს ტერიტორია. მნიშვნელოვანია, რომ დამკვიდრებული და ყველასთვის ცნობილი სახელწოდება უცვლელად დარჩეს და თუ ანიჭებენ ქუჩის სახელს, ჯანდარის ქუჩა დაერქვას". -აცხადებენ ჯანდარის მაცხოვრებლები.
საკითხთან დაკავშირებით ქალაქ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, ვასილ ხახულაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი მოქალაქის მიერ თვითნებურად იყო განხორციელებული და ინფორმაციის მერიაში შესვლისთანავე მერიამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა და მოხსნილ იქნა აღნიშნული აბრა.
“მე მინდა გუშინდელ ფაქტს გამოვხმაურო. როგორც მოგეხსებებათ, მოქალაქემ თვითნებურად ჯანდრის ქუჩაზე გააკეთა აბრა სხვა დასახელებით. როგორც კი შემოვიდა შეტყობინება, მარნეულის მერიაში მყისიერი გადაწყვეტილება მიიღეს და შესაბამისი სამსახური გავიდა და მოხდა აღნიშნული აბრის დემონტაჟი. მე მინდა განვმარტო რომ ერთპიროვნულად არ ხდება ქუჩის სახელის დარქმევა, მერიაში იკრიბება შესაბამისი კომისია, რომელიც აღნიშნული ქუჩის მოსახლეობასთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას”.
საკითხის გასარკვევად, აღნიშნული ქმედების ჩამდენ პიროვნებასთან დაკავშირების მიუხედავად, მან კომენტარი არ გააკეთა.
ამასთან, ჯანდარის მოსახლეობა გზის გაუარესებულ მდგომარეობაზეც გამოთქვამს უკმაყოფილებას. მათი თქმით, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში გზაზე გადაადგილება შეუძლებელი ხდება.
"როგორც თავადაც ხედავთ, გზა უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია. წვიმიან ამინდში გადაადგილება განსაკუთრებით გვიჭირს და ყოველდღიურ ცხოვრებას სერიოზულ პრობლემებს გვიქმნის. აღნიშნულ საკითხზე არაერთხელ მივმართეთ მერიას".
“ჩვენს დასახლებაში აუცილებელია გზის მოასფალტება. ზამთარში, წვიმიან ამინდში, გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე გვაქვს ელექტროენერგიის პრობლემაც. ძაბვა სუსტია და სერიოზულ სირთულეებს გვიქმნის. ამ საკითხზეც არაერთხელ მივმართეთ შესაბამის ორგანოებს.
ჩვენ კმაყოფილი ვართ ჩვენი დეპუტატით, პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ის ცდილობს მათ მოგვარებას. გთხოვთ, აღნიშნული საკითხებიც იქნას გათვალისწინებული",-აცხადებენ ადგილობრივები.
“მომართვიანობა იყო ჯანდარის მოსახლეობიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით, მე მინდა ვამცნო ჩემს ამომრჩეველს რომ მიმდინარეობს აღნიშნული ქუჩების დაპროექტება, პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება ტენდერის გამოცხადება და ტენდერის გამარჯვებული კომპანია დაიწყება ჯანდარის ცენტრალური ქუჩის მოასფალტებას. ასევე მომართვიანობა იყო ჯანდარის ერთ-ერთ ქუჩიდან. მოსახლეობა, რომელიც შეწუხებულია დაბალი ელექტროენერგიით, დავუკავშირდი ენერგოპროს წარმომადგენელს და უახლოეს დღეებში მოხდება აღნიშნული უბანში ახალი დენის ტრანსმატორის დამონტაჟება, რაც გადაწყვიტავს ჩვენი მოსახლეობის პრობლემას",- განაცხადა ვასილ ხახულაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალურ ტერიტორიაზე ნებისმიერი კონსტრუქციის უნებართვო მონტაჟი კანონით ისჯება და ადმინისტრაციულ ჯარიმას გულისხმობს, თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, დაჯარიმდა თუ არა აღნიშნული პირი.