g100.ge

პროკურორი - მიმაჩნია, რომ ნამდვილად გვაქვს სახეზე ის პირდაპირი მტკიცებულებები, რაც გრიგოლ ლილუაშვილის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა

პროკურორი - მიმაჩნია, რომ ნამდვილად გვაქვს სახეზე ის პირდაპირი მტკიცებულებები, რაც გრიგოლ ლილუაშვილის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა

მიმაჩნია, რომ ნამდვილად გვაქვს სახეზე ის პირდაპირი მტკიცებულებები, რაც გრიგოლ ლილუაშვილის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა, - ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა განაცხადა.

გამორიცხული არ არის, მას შემდეგ, რაც მოსამართლე ადვოკატების დასკვნით სიტყვასა და ბრალდებულის საბოლოო სიტყვას მოისმენს, განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.

„მიმაჩნია, რომ ამ საქმეზე ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარემ გამოიკვლია, ერთმნიშვნელოვნად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ნამდვილად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ოთხივე ეპიზოდი ჩაიდინა, რაც ბრალად აქვს წარდგენილი. რაც შეეხება მტკიცებულებებს, თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით დავკითხეთ მოწმეები, რომლებიც ბრალში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ადასტურებენ, მათ შორის, ასევე გამოკვლეული იქნა სხვა ხასიათის მტკიცებულებებიც, რომლებიც ურთიერთ თანხვედრაში მოდის მოწმეთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად გვაქვს სახეზე ის პირდაპირი მტკიცებულებები, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭიროა. თუმცა, ეს სასამართლომ უნდა შეაფასოს და ვნახოთ, ის რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს...

რა თქმა უნდა, მხოლოდ რომეო მიქაუტაძის პირდაპირი ჩვენება არ გვაქვს და ხაზგასმით ვამბობ, რომ მიქაუტაძის ჩვენება მხოლოდ ორ ეპიზოდს ეხება. დაცვის მხარე ლილუაშვილის დაცვის წევრების და თანაშემწის გამიკითხვაზე აპელირებს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა, არ იყოს სწორი, არა იმიტომ რომ მიზანმიმართულად იტყუებიან, არამედ იმიტომ რომ მათ შეუძლებელია, ახსოვდეთ, 6 წლის განმავლობაში ვინ იყო ნამყოფი გრიგოლ ლილუაშვილთან, იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც ლილუაშვილთან პიროვნების შეყვანა ხდებოდა, არა სახელი და გვარით ხდებოდა დაშვება, არამედ ავტომობილის ნომრით. ასევე, მათმა უმეტესობამ აღნიშნა, რომ რომეო მიქაუტაძე, როგორც მინისტრის მოადგილე ისე ახსოვდათ და ტელევიზიიდან იცოდნენ, თუმცა, მინისტრი ვინ იყო, ამასაც ვერ იხსენებენ. ეს გონივრულ ვარაუდს მიჩენს, რომ შესაძლოა, მათი ინფორმაცია არ იყოს სწორი", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უახლესი სტატიები