საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, მუსტაფა თიურქერ არიმ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 103-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებას თურქეთის საელჩო საქართველოში ავრცელებს.
„დღეს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 103-ე წლისთავს აღვნიშნავთ. დიდი ლიდერის, მუსტაფა ქემალ ათათურქის გარშემო გაერთიანებულმა თურქმა ხალხმა პირველი მსოფლიო ომის დასრულებისთანავე ეროვნული გათავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო. ეს ბრძოლა ჩვენს ისტორიაში „ეროვნული ბრძოლის“ სახელით არის ცნობილი.
ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში არსებულმა ეროვნულმა სოლიდარობამ, დიდი თავგანწირვისა და სიმამაცის შედეგად მოპოვებული გამარჯვებებით, თურქეთის რესპუბლიკას საფუძველი ჩაუყარა. შედეგად, 1923 წლის 29 ოქტომბერს, მუსტაფა ქემალ ათათურქმა და ეროვნული -განმათავისუფლებელი ბრძოლის სხვა ლიდერებმა თურქეთის რესპუბლიკა გამოაცხადეს.
დღეს, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით, თურქეთი აქტიურ დიპლომატიას ეწევა როგორც საკუთარ რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი საგარეო პოლიტიკა პრინციპული და მშვიდობაზე ორიენტირებულია და დიდი ათათურქის მოწოდებას — „მშვიდობა ქვეყანაში, მშვიდობა მსოფლიოში“ ეფუძნება. იმ პირობებში, როდესაც თანამედროვე გლობალური პოლიტიკა არა მხოლოდ გეოპოლიტიკური კრიზისების სიმრავლით, არამედ ღრმა სტრუქტურული ცვლილებებითაც ხასიათდება, მშვიდობა ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიური ძალისხმევის ქვაკუთხედია.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმაც აღნიშნა, თურქეთი იმ სახელმწიფოებს შორისაა, რომლებსაც შეუძლიათ დიპლომატიური კურსის შენარჩუნება, დაძაბულობის შემცირება და ღირსეული დიალოგისთვის შესაბამისი არხების გახსნა.
უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთის ჩართულობა რეგიონული მშვიდობის პროცესში მუდმივად საჭიროა. ეს განპირობებულია ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობით, ინსტიტუციური შესაძლებლობებითა და „გლობალური სამხრეთის“, ასევე ტრადიციული დასავლური სივრცის მიღმა მოქმედ სუბიექტებთან, მათ შორის აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან არსებული ისტორიული და მნიშვნელოვანი კავშირებით. თურქეთს მსოფლიოში სიდიდით მესამე დიპლომატიური ქსელი აქვს.
თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და კავშირებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. დღეს ჩვენ ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა ვართ, რომლებიც მხარს უჭერენ ოჯახსა და ოჯახურ ღირებულებებს და ერთმანეთთან არა მხოლოდ კეთილმეზობლური ურთიერთობებით, არამედ მჭიდრო კულტურული და ჰუმანიტარული კავშირებითაც არიან დაკავშირებული.
მსურს გავიხსენო 1918 წლის 4 ივნისს ჩვენს ქვეყნებს შორის ხელმოწერილი „მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეკრულება“, ასევე საქართველოს პირველი ელჩის, სიმონ მდივნის მიერ 1921 წლის 8 თებერვალს მუსტაფა ქემალ ათათურქისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ფაქტი.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან გასული 35 წლის განმავლობაში ორმხრივმა თანამშრომლობამ ყველა სფეროში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. დღეს ყველა ძალისხმევას მივმართავთ თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განსაზღვრისკენ, რათა რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ და ჩვენი მეგობრობის ფარგლებში მიღწეული შედეგები კიდევ უფრო გავამყაროთ. როგორც დიდი შოთა რუსთაველი თავის პოემაში „ვეფხისტყაოსანი“ წერს: „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“.
ჩვენი თანამშრომლობა განათლებიდან სამხედრო სფერომდე, კულტურიდან ტურიზმამდე მრავალ მიმართულებას მოიცავს. ყველა დაინტერესებულ პარტნიორს მოვუწოდებთ, კიდევ უფრო გააძლიერონ არსებული მჭიდრო კავშირები და ამ მიზნით ისარგებლონ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) პროექტებით, „მარიფის“ საერთაშორისო სკოლების პროგრამებით, თურქეთის სტიპენდიებით, იუნუს ემრეს სახელობის თურქული კულტურის ცენტრის პროგრამებით, „თურქეთის ავიახაზებისა“ და სხვა კომპანიების რეისებით.
საქართველოში მოქმედი თურქული ბანკები „ზირაათ ბანკი“ და „იშბანკი“ უკვე ათწლეულებია, ფინანსური თანამშრომლობის განვითარებას უწყობენ ხელს. ჩვენი ურთიერთობების გათვალისწინებით, თავდაცვის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს და ველით, რომ ამ მიმართულებით ახალი ნაბიჯები გადაიდგმება.
თურქეთი ამაყობს, რომ ბოლო 18 წლის განმავლობაში საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 3,1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვამ 2,3 მილიარდ დოლარს მიაღწია. აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ წლიური სავაჭრო ბრუნვა 5 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ. ამ მიზნის მიღწევას დამატებით ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც.
საქართველოში არსებული ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს დამსახურებით, ინფრასტრუქტურის, სტუმარმასპინძლობის, სამოქალაქო ავიაციის, განახლებადი ენერგიისა და წარმოების სექტორებში დაახლოებით 3 000 თურქული კომპანია საქმიანობს. თურქეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობამ 2,5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
5,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტებთან ერთად, თურქული სამშენებლო კომპანიები საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების მიმართაც დიდ ინტერესს იჩენენ.
განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. გვესმის, რომ საქართველოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და კეთილდღეობა უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვისაც. თურქეთს მტკიცე პოლიტიკური ნება აქვს, ორმხრივი ურთიერთობები ყველა შესაძლო მიმართულებით კიდევ უფრო განავითაროს.
ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად გულითადად მივესალმები საქართველოს მეგობარ ხალხს და მადლობას ვუხდი მათ, რომ ჩვენს დღესასწაულსა და სიხარულს იზიარებენ“, — ნათქვამია მუსტაფა თიურქერ არის განცხადებაში.