g100.ge

Reuters - ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა 7 დღით გაახანგრძლივეს - სანქციების რეჟიმის ექვსი თვით გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება

Reuters - ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა 7 დღით გაახანგრძლივეს - სანქციების რეჟიმის ექვსი თვით გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა შვიდი დღით გაახანგრძლივეს - სანქციების რეჟიმის ექვსი თვით გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროკავშირის საბჭოს ირლანდიის თავმჯდომარეობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადის 22 სექტემბრამდე გაგრძელების შესახებ შეთანხმდნენ, მას შემდეგ, რაც სანქციების რეჟიმის ექვსი თვის ვადით გახანგრძლივებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

სანქციების მოქმედების ვადა, რომელიც დაახლოებით 3000 კომპანიასა და ფიზიკურ პირს მოიცავს და აქტივების გაყინვასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილების აკრძალვას ითვალისწინებს, 15 სექტემბერს იწურებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმებას ხელს უშლის სანქციების სიიდან რუსი ოლიგარქების ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღების საკითხი. სლოვაკეთი სიიდან ორივე მათგანის ამოღებას ითხოვს, ხოლო საფრანგეთმა კომპრომისის სახით მხოლოდ უსმანოვის სიიდან ამოღების წინადადება წამოაყენა.

გამოცემასთან საუბარში ფრანგმა დიპლომატიურმა წყარომ აღნიშნა, რომ უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღების შესახებ საფრანგეთის მოთხოვნა მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარეობს.

„ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების კონკრეტული საკითხის წინაშე ვართ და გვსურს დადებითად ვუპასუხოთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ბატონ უსმანოვთან დაკავშირებით მოგვმართეს“, - აღნიშნა ფრანგმა წყარომ.

გამოცემა EUobserver-ის ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებში შეიძლება, თურქეთი, აზერბაიჯანი და უზბეკეთი იგულისხმებოდეს, რადგან წარსულში ისინი უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღებას ლობირებდნენ. Financial Times-ის ცნობით, საფრანგეთს უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღება სურს, რათა ბაქოში დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ აზერბაიჯანთან შეთანხმებას მიაღწიოს.

უახლესი სტატიები