g100.ge

The National Interest: რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან? - მისი სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა შეუცვლელია აშშ-ის სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის პოლიტიკისთვის

The National Interest: რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან? - მისი სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა შეუცვლელია აშშ-ის სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის პოლიტიკისთვის

საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და ინფრასტრუქტურა შეუცვლელია აშშ-ის სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის პოლიტიკისთვის, - წერს ონლაინ გამოცემა The National Interest-ი სტატიაში სათაურით: „რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან“.

სტატიაში საუბარია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტზე, რომელმაც მნიშვნელოვანი, თუმცა ნაკლებად შეფასებული შედეგი მოიტანა: მან საქართველო კვლავ მოაქცია ყურადღების ცენტრში, მისი ოფიციალურ მარშრუტში არყოფნის გამო.

სტატიის თანახმად, საქართველომ, რომელიც სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის პოლიტიკაში ცენტრალურ ადგილს იკავებდა, თითქოსდა „უარი“ თქვა დასავლეთზე. ერთ-ერთი ვერსიით, დასავლეთზე უარის თქმის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ 2020 წლიდან ქვეყანა სუვერენულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას ატარებს, რის გამოც მას რუსეთთან და ჩინეთთან აიგივებენ. ზოგი ფიქრობს, რომ ამის გამო საქართველოს რეგიონული სტრატეგიული მნიშვნელობა დაქვეითდა, რის გამოც ვენსმა თბილისში ჩასვლაზე უარი თქვა. ამის გამო, როგორც გამოცემა წერს, თითქოსდა საქართველო ვაშინგტონისთვის ნაკლებად მიმზიდველი გახდა. ის ჩაანაცვლა სომხეთმა, რომლის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ განაცხადი გააკეთა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს არსებული ვითარების ფუნდამენტურად არასწორი ინტერპრეტაციაა, რადგან ვენსის ვიზიტის მიზანი ტრამპის მარშრუტის (TRIPP) განვითარება იყო და არა მისი მგზავრობა სამხრეთ კავკასიაში. ვენსის ვიზიტმა არავითარ შემთხვევაში არ გააძლიერა სომხეთის პოზიციები, როგორც სამხრეთ კავკასიის მიზიდულობის ახალი ცენტრის.

ამის მიუხედავად, ამ არასწორმა ინტერპრეტაციამ დიდი გამოხმაურება პოვა ევროპაში და შეერთებული შტატების ზოგ პოლიტიკურ წრეში.

იმის გამო, რომ მთავარ ნარატივს იმის შესახებ, თითქოსდა თბილისი პრორუსულ მიმართულებას ირჩევს, არასათანადო რეაგირება მოჰყვა, აშშ-ის თანმიმდევრულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით ხელი შეუშალა.

აშშ-საქართველოს ურთიერთობების ცალმხრივი დაღმასვლა

მართალია, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები, რომელიც ოდესღაც სამხრეთ კავკასიაში ვაშინგტონის პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენდა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაციებული იყო. თუმცა, თბილისის არაერთმა მცდელობამ, ურთიერთობების დალაგების თვალსაზრისით, ნათლად აჩვენა, რომ ეს საქართველოს ინტერესის ნაკლებობით არ იყო განპირობებული.

ურთიერთობების გაციება აგრეთვე არ იყო განპირობებული იმით, თითქოს საქართველო მოსკოვს უახლოვდება. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოსკოვი საქართველოს ნებისმიერი მთავრობისთვის პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით „წითელი ხაზია“.

გასული წლის მაისში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილი მისწერა და საქართველოს მთავრობისა და ამერიკული ადმინისტრაციის საერთო მიდგომებს ხაზი გაუსვა. აღნიშნულ წერილში კობახიძე ტრამპს საყვედურობდა იმის გამო, თუ როგორ ექცევა მისი ადმინისტრაცია საქართველოს, მიუხედავად მათი პოლიტიკური სიახლოვისა და საერთო პრობლემებისა.

ქართული პოლიტიკური თვალსაზრისით, წერილის შინაარსი ლოგიკური იყო. ამერიკულ-ქართული ურთიერთობების გაუარესება ვაშინგტონის და არა თბილისი გამო მოხდა.

ვაშინგტონსა და ბრიუსელში საქართველოს მიმართ მტრული დამოკიდებულება აიხსნება იმით, რომ თბილისს თითქოსდა კავშირები აქვს რუსეთთან და ირანთან. ევროპაში და განსაკუთრებით ბრიუსელში დიპლომატები და პოლიტიკოსები ღიად საუბრობენ თავის მოტივებზე: თბილისი უკრაინასთან დაკავშირებულ ლიბერალურ დასავლურ დიქტატს, სოციალურ საკითხებს, კერძოდ, ლგბტ პოლიტიკასა და არასამთავრობო ორგანიზაციების როლს შიდა პოლიტიკაში ეწინააღმდეგება.

ამის გამო საქართველო ბრიუსელის მხრიდან ძლიერი ფინანსური და პოლიტიკური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა. მხოლოდ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ევროკავშირი არაერთხელ შეეცადა შემოეღო სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა უნგრეთი და სლოვაკეთი ამ ინიციატივებს ვეტოს ადებდნენ. სანქციათა უკანასკნელ პაკეტში ბრიუსელმა სტრატეგიული ინფრასტრუქტურის, ყულევის პორტის წინააღმდეგ სანქციების შემოღება სცადა.

ევროკავშირმა „დიპლომატიური უკუსვლის“ და თბილისის სხვა ნაკლოვანებების გამო „ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის“ უვიზო რეჟიმი შეაჩერა. ეს ბრალდებები არადამაჯერებელია, საერთაშორისო ინსტიტუტების დადებითი შეფასებების ფონზე. მაგალითად, როგორც გამოცემა წერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, გასულ წელს ძალიან მაღალი შეფასება მისცა ქვეყანას მდგრადი ეკონომიკური განვითარების გამო გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. საქართველო ეკონომიკური თავისუფლების კუთხით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მე-17 ადგილზეა.

ვაშინგტონში საქართველოსთან მიმართებით მკაცრი მიდგომის მომხრეა „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონი. უილსონი „მეგობარი აქტის“ ინიციატორი გახდა. კანონპროექტი საქართველოს მთავრობის წევრების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას გულისხმობს. ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, თუმცა სენატში უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ თუნმა დაბლოკა.

უახლესი სტატიები