ახლო აღმოსავლეთში 28 თებერვალს ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სამხედრო ესკალაცია დაიწყო, მას შემდეგ რაც ისრაელმა და აშშ-მა ირანზე ერთობლივი საჰაერო და სარაკეტო შეტევა დაიწყეს. თავის მხრივ კი, ირანმა სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ სარაკეტო იერიში მიიტანა როგორც ისრაელზე, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე.
ირანული ომის დაწყების შემდეგ ფაქტობრივად შეჩერებულია ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები. არსებული მონაცემებით, სპარსეთის ყურის პორტებში 3000-ზე მეტი გემი არის ჩარჩენილი და ჰორმუზის სრუტეში გავლას ელოდება. ამის ფონზე ანალიტიკოსები უკვე საუბრობენ გლობალური მიწოდების ჯაჭვის წყვეტის, ფასების ზრდის, შესაძლო სასურსათო კრიზისის, ლტოლვილთა ნაკადის ზრდის საფრთხეებზე.
ამის ფონზე, საინტერესოა რას აწარმოებს და რისი რესურსი აქვს ირანს.
ირანი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ბუნებრივი რესურსების მოპოვებით, განსაკუთრებით ნავთობისა და ბუნებრივი აირით, რაც ერთი შეხედვით, ძლიერი ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს, თუმცა ქვეყნის ეკონომიკა მუდმივად უკუსვლას განიცდის, ხოლო მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი წლიდან წლამდე უარესდება.
ბუნებრივი რესურსების მარაგები
OPEC-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ნავთობის მარაგებით, ირანი მესამე ქვეყანაა მსოფლიოში - დაახლოებით 208 მილიონი ბარელი, რაც მსოფლიო მარაგის თითქმის 12%-ია. ნავთობის დღიური წარმოება კი 3.2–3.3 მლნ ბარელს შეადგენს. გარდა ამისა, ირანი მსოფლიოში ბუნებრივი გაზის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია. დღეში 850 მლნ-დან – 1 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მოიპოვებს, წელიწადში კი დაახლოებით 245 – 275 მილიარდ კუბურ მეტრს.
რაც შეეხება შემოსავლებს, როგორც ცნობილია, ბოლო წლებში ირანიდან ნავთობის ექსპორტმა დაახლოებით 67 მილიარდ დოლარს მიაღწია წელიწადში. რაც შეეხება შემოსავალს გაზიდან, გაზის დიდი ნაწილი ირანში შიდა მოხმარებაზე მიდის, ამიტომ ექსპორტიდან შემოსავალი შედარებით ნაკლებია, დაახლოებით 6-10 მლრდ დოლარი წელიწადში.
ამასთან, ნავთობიდან და გაზიდან ირანი აწარმოებს უამრავ ქიმიურ პროდუქტს: პლასტმასს, სასუქებს, პოლიმერებს, ქიმიურ ნედლეულს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ირანს სანქციები რომ არ ჰქონდეს დაწესებული, სრულად შეძლებდა ექსპორტის დახმარებით მისი ენერგო-შემოსავალი 100 მლრდ დოლარზე მეტიც ყოფილიყო.
აღსანიშნავია, რომ ნავთობისა და გაზის გარდა, ირანი საკმაოდ ბევრ სხვა მინერალურ რესურსსაც მოიპოვებს. მადნეული რესურსები: რკინის მადანი, სპილენძი, ტყვია, თუთია, ქრომიტი, მანგანუმი, ოქრო (წელიწადში დაახლოებით 8-10 ტონა ოქროს მოიპოვებს, თუმცა უახლოეს წლებში მთავრობა ამ მაჩვენებლის 15 ტონამე გაზრდას პროგნოზირებს). არამადნეული რესურსები: ნახშირი, მარილი, გოგირდი, ასევე ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვები (მაგ. ფირუზი).
გარდა წიაღისეულისა, ირანი აწარმოებს და საექსპორტოდ აგზავნის სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ტექსტილს, ხალიჩებს და ნავთობქიმიურ პროდუქციას. ირანი მსოფლიოში ფოლადის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია - წელიწადში დაახლოებით 30-32 მლნ ტონა ფოლადს აწარმოებს.
ცხოვრების დონე ირანში
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 12 თვის განმავლობაში პირველადი მოხმარების საგნების ფასები საშუალოდ 60%-ით გაიზარდა, ხოლო საკვების ფასები იმავე პერიოდში გაორმაგდა და ეს მხოლოდ გასულ წელს არ ეხება. საშუალო ოჯახის სასურსათო კალათის ღირებულება ამჟამად რვაჯერ მეტია, ვიდრე ხუთი წლის წინ იყო და 30-ჯერ მეტი, ვიდრე 2016 წელს იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ირანელები საშუალოდ გაცილებით ღარიბები არიან, ვიდრე 20 წლის წინ იყვნენ.
გაუფასურებულია ქვეყნის ეროვნული ვალუტაც. მაგალითად, 2025 წლის ივნისში ისრაელთან 12-დღიან ომამდე ცოტა ხნით ადრე, ირანის ღია ბაზარზე ერთი დოლარი დაახლოებით 800 000 რიალად იყიდებოდა. ამჟამად მისი ფასი დაახლოებით 1 620 000 რიალად ივაჭრება.
რაც შეეხება მოსახლეობას, 2026 წლის მონაცემებით ირანში 93 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ქვეყნის ტერიტორია 1 65 მლნ კვადრატულ მეტრზე მდებარეობს.