"საქართველოს საპატრიარქოს მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით გაკეთებული ბოლო განცხადება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
"აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელებით წარმოდგენა მიუღებელია.
აზერბაიჯანი ყოველთვის პატივს სცემდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ამასთან, საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ იგივე დამოკიდებულების გამოხატვა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.
სწორედ ამ თვალსაზრისით, საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით ტერიტორიული პრეტენზიების გამომხატველი პოზიცია გაუგებარია.
მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურმა ორგანიზაციებმა თავი შეიკავონ ისეთი მიდგომებისგან, რომლებმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ისტორიულ, მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს მიერ სომხეთის ეკლესიის პოზიციის გამეორება და ანალოგიური მიდგომის გაგრძელება მიზანშეწონილად არ მიიჩნევა.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია“, - ნათქვამია განცხადებაში.