მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში, ძლიერი სიცხის ფონზე ტურისტები ზაფხულის დასვენებისთვის ალტერნატიულ მიმართულებებს ეძებენ. ამ მხრივ, თურქეთი სტუმრებს სთავაზობს არა მხოლოდ სანაპირო დასვენებას, არამედ ბუნების, ისტორიისა და აქტიური ტურიზმის ერთიან და მრავალფეროვან გამოცდილებას. აქ ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ ერთ მოგზაურობაში გააერთიანონ სანაპირო დასვენება, ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და ადგილობრივი გასტრონომიის გაცნობა.
ეგეოსის სანაპირო - სუფთა ზღვა და მსუბუქი ნიავი
ეგეოსის რეგიონი ზაფხულში გამოირჩევა კამკამა წყლებით, მსუბუქი ზღვის ნიავითა და საოცრად აქტიური კურორტებით. მაგალითად, მუღლა - ერთ-ერთი მთავარი ტურისტული რეგიონი ამ მხრივ, აერთიანებს ისეთ პოპულარულ მიმართულებებს, როგორიცაა მარმარისი და ფეთჰიე.
რაც შეეხება ბოდრუმს, ის ეგეოსის რეგიონის ყველაზე პოპულარული კურორტია, რომელიც მაღალი დონის დასვენებითა და კომფორტული გარემოთი გამოირჩევა. აქ ტურისტებს შეუძლიათ დაათვალიერონ ვიწრო ისტორიული ქუჩები, ისეირნონ ნავით, მოინახულონ ყურეები და დააგემოვნონ ეგეოსური სამზარეულო მაღალი კლასის რესტორნებში. ამასთან, საკმაოდ პოპულარული მიმართულებებია იზმირი და მისი მიმდებარე კურორტები - ფოჩა და ჩეშმე.
მაგალითად, ფოჩა მშვიდი და კომფორტული დასვენებით გამოირჩევა, ჩეშმე კი უფრო აქტიური კურორტია - მუდმივი ნიავი, სუფთა, სასიამოვნო სანაპიროები და იდეალური პირობები, როგორც დასვენებისთვის, ისე სპორტული აქტივობებისთვის. ასევე, განსაკუთრებით პოპულარულია ალთინქუმის (Altınkum), ქოჯაქარისა (Kocakarı) და დელიქლის (Delikli Koy) სანაპიროები, რომლებიც თავისი გრილი და კამკამა წყლებით არის ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ ჩეშმეს ნახევარკუნძული იდეალურ პირობებს ქმნის სერფინგისა და კაიტსერფინგისთვის, ხოლო ახლომდებარე ურლა საკმაოდ ცნობილია ადგილობრივი პროდუქტებითა და თანამედროვე გასტრონომიით. რაც შეეხება აქ მდებარე ეფესოს, ის ზაფხულის პერიოდში ისტორიული ვიზიტორებს გვიან საღამოსაც მასპინძლობს, რაც საშუალებას აძლევს მათ უფრო მშვიდ და განსხვავებულ გარემოში დაათვალიერონ ეს უძველესი ქალაქი.
ჩრდილოეთ ეგეოსი
მაღალი ტემპერატურის პერიოდში ჩრდილოეთ ეგეოსი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი რეგიონია. მაგალითად, მისი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია ასოსი (ჩანაქქალე). ეს ტერიტორია მიკროკლიმატით გამოირჩევა, სადაც ზღვის ნიავი გარემოს სასიამოვნოდ აგრილებს.
ასევე, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რეგიონია ჩანაქქალე. აქ მდებარეობს ათენა ქალღმერთისადმი მიძღვნილი უძველესი ტაძრის ნაშთები, რომლებიც რეგიონის მდიდარ ისტორიულ წარსულს ასახავს. ქალაქის სანაპირო ზოლი კი გამოირჩევა მყუდრო რესტორნებით, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ ახალი ზღვის პროდუქტები.
საგულისხმოა, რომ ბუნების მოყვარულთ განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს იდას მთა. ეს არის ფიჭვნარებით დაფარული, გრილი და სუფთა ჰაერით გამორჩეული ადგილი, სადაც ცივი ჩანჩქერები და ხასხასა სიმწვანე ზაფხულის სიცხეს მთლიანად ჩრდილავს და ბუნებრივ სიმშვიდეს ქმნის.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩანაქქალესთან ახლოს მდებარეობს ეგეოსის ორი გამორჩეული კუნძული - ბოზჯაადა და გოქჩეადა. ორივე მათგანი ცნობილია მშვიდი სანაპიროებით, საოცრად ლამაზი ბუნებითა და კომფორტული დასვენებით, რაც სტუმრებს სრულ სიმშვიდისა და განტვირთვის შესაძლებლობას სთავაზობს.
აქტიური დასვენება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე
ანტალია თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია, სადაც ფირუზისფერი ზღვა, მაღალი დონის სასტუმროები და მრავალფეროვანი აქტივობები ერთ სივრცეში იყრის თავს. აქ ტურისტებს შეუძლიათ ნავით მოგზაურობა, დაივინგი და კაიაკინგი.
რაც შეეხება ქაშს, ის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად ითვლება დაივინგის მოყვარულთათვის. ასევე , ძალიან პოპულარულია კარაინისა და დამლათაშის მღვიმეები, ქიოფრიულუ კანიონი, რომელიც თავგადასავლების მოყვარულებს რაფტინგის შესაძლებლობას სთავაზობს. აღსანიშნავია ასევე, ტაუროსის მთები, სადაც იდეალური გარემოა ლაშქრობის მოყვარულთათვის.
საღამოს ანტალია ღამის განათებაში სულ სხვა ატმოსფეროს იძენს. აღსანიშნავია, რომ ისტორიული ქალაქების მონახულება და ბელექში ღამის გოლფი ვიზიტორებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს.