სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია. ისიც კი შემოგვთავაზეს, რომ ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა ალტერნატიული შენობის მოძიებაში, - ამის შესახებ თბილისის 21-ე (ყოფილი მე-6) საჯარო სკოლის დირექტორმა, შორენა ბუნტურმა, სკოლის სამეურვეო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრას განათლების სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ განუმარტეს, რომ, რადგან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში სერიოზული დაზიანებებია აღწერილი, ბავშვების სიცოცხლისა და უსაფრთხოების გათვალისწინებით, აუცილებელია სასწავლო პროცესის შეჩერება.
„სასწავლო პროცესი ამ ეტაპზე შეჩერებულია, მაგრამ ის რამდენიმე დღე, რაც შეჩერებული იქნება, აუცილებლად აღდგება. ამ ერთი კვირის განმავლობაში აუცილებლად მოიძებნება ისეთი გამოსავალი, რომ სასკოლო საზოგადოება კმაყოფილი იყოს.
ჩვენი სკოლის წარმომადგენლების მოთხოვნა იყო, რომ სწავლა კვლავ დილის ცვლაში გაგრძელდეს და არ მოხდეს მოსწავლეების გადანაწილება. ამაზე მივიღეთ დაპირება, რომ აქტიურად, დღესვე შეუდგებიან მუშაობას. ჩვენც ვიქნებით ყველანი ჩართულები. ისიც კი შემოგვთავაზეს, რომ ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა ალტერნატიული შენობის მოძიებაში.
სამხარაულის დასკვნის მიხედვით, ეს არის მეორე-მესამე ხარისხის დაზიანება, თუმცა დაზიანებების სიხშირიდან გამომდინარე, შენობა მეოთხე კატეგორიას მიეკუთვნება. ეს ისეთი ტიპის დაზიანებაა, რომ აქ ბავშვების ყოფნა უსაფრთხო არ არის. ჩემთვისაც და სამინისტროსთვისაც გუშინ გახდა ცნობილი ეს ინფორმაცია,” - აღნიშნა დირექტორმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, დაინგრევა თუ არა სკოლა, დირექტორმა განაცხადა, რომ ახალი სკოლის მშენებლობა სახელმწიფოსთვის მეტად მომგებიანი და ვადების თვალსაზრისითაც უფრო ხელსაყრელი იქნება.
„თავადაც განმარტეს, რომ იმ თანხებით, რაც შენობის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს, შესაძლებელია, ბევრად უფრო მოკლე დროში ახალი სასწავლო შენობის აშენება, თანამედროვე სტანდარტებით. ამავე ადგილას, ამავე საკადასტრო კოდით.
ტენდერს მომავალ კვირაში გამოაცხადებენ და სკოლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უმოკლეს ვადებში დაიწყება სამუშაოები,” - განაცხადა ბუნტურმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს 21-ე საჯარო სკოლასთან აქცია გაიმართა. აქციის გამართვის მიზეზი მშობლებისთვის გაგზავნილი შეტყობინება გახდა, რომლის მიხედვითაც, შენობის ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, 18 სექტემბრიდან სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდებოდა.