g100.ge

თურქეთის გრან-პრის სამგზის გამარჯვებული მრბოლელი ფელიპე მასა სტამბოლს ეწვია

თურქეთის გრან-პრის სამგზის გამარჯვებული მრბოლელი ფელიპე მასა სტამბოლს ეწვია

ბრაზილიელი მრბოლელი ფელიპე მასა, რომელმაც თურქეთის გრან-პრი სამჯერ მოიგო და ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ მრბოლელად ითვლება, სტამბოლს ეწვია. მისი ვიზიტი  თურქეთში  ფორმულა 1-ის    2027 წელს დაგეგმილ დაბრუნებას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ  მისი ვიზიტი თურქეთის ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების სააგენტოს (TGA) ორგანიზებით განახორციელდა.

ფორმულა 1-ის თურქეთის გრან-პრი 2027 წლის 1-3 ოქტომბერს „Istanbul Park“-ზე გაიმართება. თურქეთის გრან-პრი ფორმულა 1-ის კალენდარს რამდენიმე წლის შემდეგ  უბრუნდება, ხოლო 2027 წელს „Istanbul Park“ რბოლას მეათედ  უმასპინძლებს.

ფელიპე მასამ თურქეთის გრან-პრი   ზედიზედ სამჯერ - 2006, 2007 და 2008 წლებში  მოიგო. სამივე რბოლა მან პოულ პოზიციიდან დაიწყო. სწორედ 2006 წელს, სტამბოლში  მოიპოვა მან კარიერაში პირველი გამარჯვება ფორმულა 1-ში. მასა ერთადერთი მრბოლელია, რომელმაც თურქეთის გრან-პრის სამივე რბოლა პოულ პოზიციიდან დაწყების შემდეგ მოიგო.ფორმულა 1-ში კარიერის განმავლობაში მასამ 11 რბოლა მოიგო და 16-ჯერ საუკეთესო სასტარტო პოზიცია დაიკავა. 2008 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონობა მხოლოდ ერთი ქულით დათმო. ფორმულა 1-ის კარიერა მან 2017 წელს დაასრულა.

სტამბოლში ვიზიტისას მასა დაესწრო F1-ის ფილმის ღია ცის ქვეშ ჩვენებას, შეხვდა გულშემატკივრებს და მათ შეკითხვებს უპასუხა. მან ასევე მოინახულა ქალაქის ისტორიული ადგილები, მათ შორის აია-სოფია, ცისფერი მეჩეთი, ბაზილიკის ცისტერნა და იპოდრომი. გაიმართა ბოსფორის ტური და სადილი სრუტის ხედით.

მეორე დღეს მასა „Istanbul Park“-ზე დაბრუნდა, სადაც ავტომობილით მართვის სესიაში მიიღო მონაწილეობა, ინტერვიუ ჩაწერა და გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს შეხვდა.ფელიპე მასამ შეხვედრის ბოლოს აღნიშნა -  „სტამბოლი არასდროს დამავიწყდება“.

„სტამბოლ პარკი“  (Istanbul Park) ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი იყო. არასდროს დამავიწყდება ის ემოციები, რაც იქ სამი წლის განმავლობაში განვიცადე. ახლა, როდესაც სტამბოლში, ფორმულა 1-ის დაბრუნებამდე, კვლავ ჩამოვედი და მრავალი წლის შემდეგ გულშემატკივრებს შევხვდი, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა“, - განაცხადა მასამ.

ფელიპე მასას ვიზიტი TGA-ის საერთაშორისო სარეკლამო კამპანიის ნაწილია, რომელიც FORMULA 1® TURKISH GRAND PRIX 2027-ის პოპულარიზაციას ემსახურება. 2027 წელს „სტამბოლ პარკი“ თურქეთის გრან-პრის მეათედ უმასპინძლებს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ F1.com, tosfedistanbulpark.com  და goturkiye.com-ზე.

 

უახლესი სტატიები